"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან აქცია დააანონსეს.
მათივე თქმით, აქცია 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში, სადაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ. აქციის მონაწილეები კანონპროექტს აპროტესტებენ. საპროტესტო აქციას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, სიტუაციის განეიტრალებას დაცვის პოლიციისა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ.
სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე.
პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა ხმაურის ფონზე რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო. სხდომაზე პირველ საკითხად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ.