სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა ეფექტიანობის აუდიტის სამი ანგარიში მოისმინა

28 თებერვალი 2023, 18:50 552 ნახვა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე ხელმძღვანელობს, წელს პირველი სხდომა გამართა და ეფექტიანობის აუდიტის სამი ანგარიში მოისმინა.

აუდიტის ჯგუფმა განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ 2018-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“, „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) 2021 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“ და „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2020-2021 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურების და ტრანსპორტის ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“.

აუდიტის პერიოდში გამოვლენილი მიგნებების და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა წარადგინეს.

მომხსენებლების განცხადებით, ბიზნესომბუდსმენის მიერ 2018-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტის მიზანი იყო იმის შეფასება ბიზნესომბუდსმენმა რამდენად ეფექტიანად უზრუნველყო 2018-2021 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებების და კანონიერი ინტერესების ზედამხედველობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე ჩაატარა შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი (2021 წ.) და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურების და ტრანსპორტის ხარჯების შესაბამისობის აუდიტი (2020-2021 წწ.).

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს და პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი