ილია დარჩიაშვილი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 52-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

27 თებერვალი 2023, 21:09 557 ნახვა

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 52-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სიტყვით გამოვიდა.ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) ახლადარჩეული წევრის პრიორიტეტებზე და ასევე საქართველოს რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობით, ქვეყანა ხედავს მეტ შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა საბჭოს მანდატის ეფექტურ განხორციელებას, მათ შორის წევრობის ისეთი პრიორიტეტების განხორციელებით, როგორიც არის მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, ადამიანის უფლებათა სფეროში გარემოსდაცვითი განზომილების დანერგვა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის კუთხით ახალი ციფრული ტექნოლოგიების შესწავლა. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმების მიმართ.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშესაწყობად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა რთულია. იძულებით გადაადგილებულ ასობით ათას დევნილსა და ლტოლვილს კვლავაც არ ეძლევა საკუთარ საცხოვრებელ ადგილას უსაფრთხოდ დაბრუნების უფლება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არსებობა.

„საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოს პირდაპირი მოწოდებებისა და უმაღლესი კომისრის განმეორებითი ძალისხმევის მიუხედავად, უმაღლესი კომისრის ოფისი დღემდე ვერ ახერხებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლას, მაშინ, როცა ადგილზე მუდმივად უარესდება ჰუმანიტარული ვითარება და ყოველდღიურად ირღვევა ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები“, – აღნიშნა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში