დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

17 თებერვალი 2023, 18:01 723 ნახვა

დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარა  მაღალმთიან აჭარაში. სამდღიანი ინტენსიური თოვის შედეგად კი  იწმინდება მხოლოდ  ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები, სადაც გადაადგილება   მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის  არის შესაძლებელი.

რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, მოქალაქეები აცხადებენ, რომ გადაადგილება მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. აჭარის საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ბრიგადები, რათა  უპირველესად თემებთან დამაკავშირებელი გზები აღდგეს.

შეფერხებები იყო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებითაც დაბასა და ახლომდებარე სოფლებში, თუმცა მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგა. 

მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა შესაძლებელი ცენტრალურ მაგისტრალზეც, დიდთოვლობის გამო დღეს არ შესრულებულა  ხულო-ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეისიც. ადგილობრივ მერიაში განმარტეს, რომ მოქალაქეები ძირითადად  თოვლში ჩარჩენილი  ავტომობილების გამოყვანის თხოვნით უკავშირდებიან  შტაბს, რომლის დახმარებასაც სამაშველო ბრიგადები უზრუნველყოფენ. დიდთოვლობის გამო მეცადინეობა არ განახლებულა ბაღებში, მოსწავლეთა დაბალი გამოცხადება იყო სკოლებშიც.

ხულოში მხოლოდ ფუშრუკაულის  სკოლა მუშაობდა.  ამ დროისთვის ხულოსა და შუახევში  შეფერხებები არ არის ენერგომომარაგებაში.

რაც შეეხება კურორტ გოდერძისთან მისასვლელ გზას  კვლავ მოქმედებს შეზღუდვის რეჟიმი აქ  ყველა ტიპის ავტომობილებისთვის  მოძრაობა აკრძალულია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში