მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"კლინიკა „ვივამედის“ მიერ დადგინდა „კახექსიის“ დიაგნოზი. ამის შესახებ თავად ნინო ნადირაძემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე, თუმცა სასამართლომ ეს ყველაფერი ყურადღების მიღმა დატოვა. სააკაშვილს უარი ეთქვა ნინო ნადირაძის ჩვენების საფუძველზე – თურმე სააკაშვილს არ სურს საკვების მიღება. ამ დროს თავად „ვივამედმა“ დაადასტურა „კახექსიის“ დიაგნოზი, რაც სააკაშვილს დაუდგინდა ამერიკელი და ქართველი ექსპერტების მიერ. შესაბამისად, სასამართლო დაეყრდნო ცრუ ინფორმაციებს. თავის გადაწყვეტილებაში არ ასახა სრულად ის, რაც სასამართლო პროცესზე ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ამ უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებთ. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სააპელაციო სასამართლო. გამოვიდა, რომ დიაგნოზი, რომელიც ექსპერტების მიერ იქნა დასმული, დაადასტურა თავად სახელმწიფომაც, რაც თავისთავად, ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
"თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმდენად შემჭიდროებულ ვადებში ხდება ამ ტიპის დავების განხილვა, რომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ სტრასბურგში გასაჩივრებისგან. დაველოდებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ყოველ შემთხვევაში, დღეს ეს მოცემულობაა და ამოს მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ არის გამორიცხული, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.