თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო.
სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა, თუმცა მოკლე ტექსტით შემოიფარგლა და თქვა, რომ ავად არის.
“ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება”, - განაცხადა როინ მებონიამ.
მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის.
თბილისში მამაკაცმა ცოლი 2022 წლის მაისში ავტობუსში მოკლა. შემთხვევა გურამიშვილის გამზირზე მოხდა. კაცმა ცოლს ყელი არასრულწლოვანი შვილებით თანდასწრებით გამოჭრა. გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული 27 ჭრილობა ჰქონდა.