2022 წელი ისტორიული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რამაც განამტკიცა საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში.
„2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რამაც განამტკიცა საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ. პარლამენტი უძღვებოდა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესს დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. საერთო ჯამში, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა მიიღო 82 კანონი.
საქართველოს პარლამენტმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ასევე ისაუბრა პარლამენტის ორგანიზაციული მოწყობის შესახებ და აღნიშნა, რომ დაგეგმილია სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსება, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მეტი გაიგონ საპარლამენტო საქმიანობის, სახელმწიფო მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ.
მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ის პრიორიტეტები, რომლებიც 2023 წელს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს.
"შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და საქართველოს უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ის პრიორიტეტები, რომლებიც 2023 წელს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობით გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, ეკონომიკურად ძლიერ, სტაბილურ და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში რაც ხდება არის არა პოლარიზაცია, რომელიც უკვე თანამედროვე პოლიტიკის ნორმაა, არამედ რადიკალიზაცია.
პაპუაშვილის თქმით, გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ რადიკალური ჯგუფები შეეშვან რადიკალურ დღის წესრიგს, მოხდეს რადიკალიზმის პრობლემის აღიარება და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თავს არ მიიჩნევენ რადიკალურად, გაემიჯნონ რადიკალიზმს.
„სინამდვილეში, ეს არ არის პოლარიზაცია, რაც ჩვენ გვაქვს. პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის თითქმის ნორმაა. გავიხსენოთ ბოლო არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და მივხვდებით, რომ პოლარიზაცია უკვე შემადგენელი ნაწილია. ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის რადიკალიზაცია. პოლარიზაციის შემთხვევაში არსებობს ორი პოლუსი, შესაბამისად, დეპოლარიზაცია გულისხმობს მოლოდინს, რომ ეს ორი პოლუსი დაიძვრება ერთმანეთისკენ და სადღაც შუაში შეხვდებიან. თუმცა, თუკი სინამდვილეში ჩვენ გვაქვს რადიკალიზაცია, მაშინ შეუძლებელია, ეს მოლოდინი გვქონდეს. რადიკალიზაცია გულისხმობს, რომ არის ერთი ცენტრი, დემოკრატიული ინსტიტუტები, დემოკრატია როგორც ასეთი, და არის ჯგუფი, რომელიც გასულია ამ ცენტრიდან, ორბიტიდან არის გარეთ, გასულია დემოკრატიული ჩარჩოდან. აქ თუ ჩვენ გვექნება მოლოდინი, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა დაიძრან ჩარჩოს მიღმა მყოფი რადიკალური ჯგუფებისკენ, ეს არის დემოკრატიის დაზიანება. ამიტომაც ვთქვი, რომ ერთადერთი გამოსავალი დერადიკალიზაციის, თუკი ვთანხმდებით, რომ რადიკალიზაცია პრობლემაა, არის, რომ რადიკალური ჯგუფები შეეშვან რადიკალურ დღის წესრიგს. მეორე არის აღიარება. პრობლემის აღიარება უკვე გადაწყვეტის ნახევარი გზაა"- განაცხადა პაპუაშვილმა.