"ნაციონალური მოძრაობა" და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო მუშაობაზე - კობახიძე

07 თებერვალი 2023, 13:04 813 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობა" და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე - უფრო მეტად კონსტრუქციული იქნება საპარლამენტო სამუშაო გარემო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება მათ შიდა დისკუსიებს საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებ, მათ გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს მოუწიათ უკან დახვევა - ეს არის არათანმიდევრულობის შედეგი, თუმცა ეს მათი საქმეა, ჩვენ ეს დიდად არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან, ეკონიმიკასთან, ფასებთან და ა.შ...

 

მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. ამიტომ, ჩვენთვის რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამ დღის წესრიგით მოქმედებას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის ოჯახსაც მოუწოდა, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით.

„ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები სააკაშვილს. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, ყველა შესაბამისი სამედიცინო თუ სხვა მომსახურება არის უზრუნველყოფილი ყველა პატიმრისთვის, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ოჯახს და საახლობლო წრეს, მათი პასუხისმგებლობაა სათანადო კალორაჟის საკვების მიწოდება. გასაგებია გვესმის, რომ თვითონ სააკაშვილი ითხოვს დაბალი კალორაჟის საკვები შეუტანონ, მაგრამ ოჯახს აქვს პასუხისმგებლობა და მოვუწოდებთ, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით“, - აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში