ფინანსთა სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებმა პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასებზე მუდმივი მონიტორინგი ვაწარმოოთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფასების რეგულირების თვალსაზრისით, სამუშაოები დაწყებულია და მთავრობას ორ კვირაში გარკვეული შედეგები უკვე ექნება.
"მოსახლეობისთვის გაზრდილი ფასები მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გაზრდილი ფასები არ არის მხოლოდ ზოგადი ინფლაციური ფონის გამო. არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, ზოგიერთ სექტორში კონკურენციის შეზღუდვის საჭიროება არსებობდეს. კონკურენციის სააგენტოს დაევალა, რომ მოიკვლიოს საკითხები. ჩვენ წინასწარი შეზღუდვები განვიხილეთ. ფინანსთა სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებმა პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასებზე მუდმივი მონიტორინგი ვაწარმოოთ. ჩვენ გვინდა, რომ არაკონკურენტული მოქმედების ფაქტები მაქსიმალურად გამოირიცხოს. ფასები თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის პირობებში უნდა ყალიბდებოდეს.
ჩვენი ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგიერთ სასურსათო პროდუქტზე მარჟები საკმაოდ მაღალია, რაც გარკვეულ ეჭვს ბადებს.
ერთი რამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს ის შედეგი, რაც ყველას სურს - ფასები უნდა იყოს ობიექტური, როგორც ეს მედიკამენტების შემთხვევაში მოხდა. ევროპის ბევრ ქვეყანაში შემზღუდავი პრაქტიკა არსებობს. საქართველოში დაგვჭირდება თუ არა დამატებითი ზომების მიღება, ეს უკვე სამუშაო პროცესში გამოიკვეთება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. ორი კვირის ვადაში, ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, გარკვეული შედეგები უკვე გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროზონის მაჩვენებელს უახლოვდება.
“ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც არის ჩვენთვის, ეს არის ინფლაცია, რომელიც პიკური იყო გასული წლის მაისში, მაგრამ უკვე მიმდინარე წლის იანვარში ინფლაციამ დაიწყო შემცირება და 9.4% გახდა, რაც ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, თუმცა ახლოს არის ევროზონის ინფლაციასთან, რაც ჩვენთვის ყოველთვის ბენჩმარკია და შესადარისია, რადგან ევროზონა ყოველთვის სტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა.
იმ დროს, როცა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროზონის მაჩვენებელს უახლოვდება, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ რეგიონის საერთო ტენდენციებთან ძალიან ახლოს ვართ. ეს ყველაფერი აისახა ჩვენს სუვერენულ რეიტინგში და იცით, რომ Fitch-მა სულ ახლახანს ჩვენს სუვერენული რეიტინგი BB შეგვინარჩუნა, მაგრამ გაგვიუმჯობესა პერსპექტივა, ეს კი ნიშნავს, რომ მომავალი შეფასებისას უნდა ველოდეთ რეიტინგის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.