ამერიკა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება - აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. კელი დეგნანი აჭარის მაუწყებლის ეთერში ამბობს, რომ თვალყურს ადევნებს სახალხო დამცველის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის უფლებები.
კითხვაზე ამერიკის რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი საზღვრის დარღვევით რომ შესულიყო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, როგორი იქნებოდა მათი პოზიცია და არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ქმედება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი - ელჩი პასუხობს, რომ შეკითხვა ჰიპოთეტურია.
საქართველოში შემოსვლასა და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე განცხადება კელი დეგნანმა აჭარის მაუწყებლის ეთერში, გადაცემა ''თავისუფალ სივრცეში'' გააკეთა.