საქართველოს ტყვიის მსროლელთა ქალთა ნაკრები ხორვატიის ქალაქ ოსიეკში გამართული გრან პრის ჩემპიონი გახდა. 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ქართულმა სამეულმა ლეგენდარული ნინო სალუქვაძის, ლიზი კილაძისა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით ფინალში უკრაინა 17:3 დაამარცხა.
ამავე დისციპლინაში წარმატებით იასპარეზა ვაჟთა ნაკრებმა ლევან ქადაგიძის, ცოტნე მაჭავარიანის და კაკო მოსულიშვილის შემადგენლობით, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დიდ ბრიტანეთს 16:12 სძლია.
ხორვატიის დიდ პრიზს სარეიტინგო დატვირთვა ჰქონდა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად.
რამდენიმე დღით ადრე რუსეს დიდ პრიზზე საქართველოს შერეულმა წყვილმა მარიამ ფროდიაშვილის და ცოტნე მაჭავარიანის შემადგენლობით ოქროს მედალი მოიპოვა, ქალთა ნაკრებმა კი ვერცხლი დაისაკუთრა.