NBA-ს ჩემპიონი „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში საზეიმო ღონისძიებაზე მიიღო.
თეთრ სახლში გუნდის მთელი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი და მათ შორის გახლდათ ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, რომელიც კლუბში ახლა კონსულტანტად მუშაობს.
სტეფ კარიმ ჯო ბაიდენს სიმბოლურად ''გოლდენ სტეიტის'' 46-ნომრიანი მაისური გადასცა, რაც ამერიკის პრეზიდენტების ნუმერაციას აღნიშნავს.
„გოლდენ სტეიტი“ NBA-ს ჩემპიონი ბოლო 8 სეზონში ოთხჯერ გახდა, გარდა ამისა, კიდევ ორჯერ ფინალში დამარცხდა. ზაზა ფაჩულია კი „გოლდენში“ ორი სეზონი თამაშობდა და ორჯერვე, 2017 და 2018 წლებში შეძლო საჩემპიონო ბეჭდის მოგება.