მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ, მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობის შემთხვევაში, უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება - ჯანდაცვის მინისტრი

16 იანვარი 2023, 13:25 631 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების და შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, თუ იქნება ცალკეული კომპანიების მხრიდან მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა, ამაზე უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება.

როგორც მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განმარტა ფარმაცევტულ ბაზარზე დეფიციტის საშიშროება არ იქნება.

"ბაზარზე გვაქვს როგორც ორიგინალი მწარმოებლების მედიკამენტები, ასევე გენერიკული მედიკამენტები, ანუ ამ მედიკამენტების ასლები. ისიც ზუსტად იგივე თერაპიული ეფექტით ხასიათდება და ამ კუთხით განსხვავება არაფერი არ არის. იმის გათვალისწინებთ, რომ შეგვენარჩუნებინა, როგორც ორიგინალი, ასევე გენერიკული მწარმოებლებიც, დავადგინეთ ორი ფასი. ცალკე არის დადგენილი მაქსიმალური ფასი ორიგინალი მედიკამენტებისთვის და ცალკე არის დადგენილი გენერიკული მედიკამენტებისთვის. ამ ორი ფასის ოპერირების პირობებში ბიზნესს აქვს ინტერესი, რომ როგორც ორიგინალმა მწარმოებლებმა ოპერირება გააგრძელონ. ზუსტად იგივე ბიზნესები და იგივე მწარმოებლები არიან სხვადასხვა ქვეყნებში, რასაც ჩვენ ვუყურებთ ფასწარმოქმნის დროს და წარმატებით ოპერირებენ. აქედან გამომდინარე, დეფიციტის საშიშროება არ არის. ვფიქრობთ, თუ იქნება მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა, ამაზეც შესაბამისი გეგმა გვაქვს“,-განაცხადა აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ სექტორს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აქვს საშუალება, გადახედოს მედიკამენტებზე დადგენილ ზღვრულ ფასებს და არგუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, საკითხს სპეციალური საბჭო განიხილავს.

"სექტორს მომდევნო 15 დღის განმავლობაში აქვს საშუალება, გადახედოს ფასებს, თუ რომელიმე კონკრეტულზე ექნება არგუმენტირებული პრეტენზია, განვიხილავთ. სპეციალური საბჭო შეიქმნა ამისთვის. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ეს ფასები 15 თებერვლიდან შევა ძალაში. საცალო და საბითუმო რეალიზატორები უკვე 15 თებერვლიდან ვალდებული იქნებიან, ახალი ფასების მიხედვით უზრუნველყონ მედიკამენტების რეალიზაცია“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ რეფერენტული ფასების დასადგენად შერჩეულა ოთხი ქვეყანა. 

"შევარჩიეთ ოთხი რეფერენტული ქვეყანა და იმ ოთხ ქვეყანაში ვეძებთ კონკრეტულ მოლეკულებს, მოლეკულაზე წარმოებულ ბრენდული დასახელების მედიკამენტებს და მათი საბითუმო-საცალო საშუალო ფასი გვაქვს აღებული და გადმოტანილი ჩვენს საბითუმო-საცალო ფასში შესაბამისი კურსით. ეს არის მაქსიმალური ჭერი საბითუმოსთვის. ვინაიდან მნიშვნელოვანია, აფთიაქებს და საცალო რეალიზატორებს ჰქონდეთ შესაბამისი შემოსავალი, არ მოხდეს მედიკამენტების მარჟის მთლიანად საბითუმო მხარეს გადატანა, საბითუმოდან აფთიაქამდე ჩვენ კონკრეტული პროცენტული მარჟების საშუალება დავუტოვეთ. ეს არის 15-დან 35 პროცენტამდე და ამის ფარგლებში, აფთიაქებს შესაბამისი მოგების დაგენერირება შეუძლიათ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი