თვენახევრიანი შესვენების შემდეგ იტალიის ''სერია A'' ხვალ განახლდება.
ხვიჩა კვარაცხელიას ''ნაპოლი'' მილანში ''ინტერს'' ესტუმრება.
ნეაპოლელებმა ხვალინდელი მატჩისთვის განაცხადი გამოაქვეყნეს, სადაც ქართველი ფეხბურთელიც არის.
ხვიჩამ ''ნაპოლის'' მაისურით ბოლო ოფიციალური მატჩი 1 ნოემბერს ''ლივერპულის'' წინააღმდეგ ჩაატარა. ამის შემდეგ ტრამვა მიიღო და 3 ოფიციალური შეხვედრის გამოტოვება მოუწია.
კვარაცხელიამ სარაბილიტაციო კურსი კარგად გაიარა და სეზონის განახლებას ფორმაში ხვდება. სხვადასხვა იტალიური გამოცემების ვარაუდით ხვიჩა ''ინტერის'' წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
''ინტერისა'' და ''ნაპოლის'' შეხვედრა 4 იანვარს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
გასული 15 ტურის შემდეგ ''ნაპოლი'' 41 ქულით იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო ''ინტერი'' 30 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.