საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას იწყებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
ადვოკატმა ყოფილი პრეზიდენტის წერილი წაიკითხა, სადაც ის ამბობს, რომ აცნობიერებს ყველა რისკს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის გათვალისწინებით და იშიმშილებს მანამ, სანამ მყარ გარანტიებს არ მიიღებს, რომ სასამართლო პროცესზე ონლაინ მაინც ჩართონ.
„დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ამიტომ იძულებული ვარ, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ, ვიდრე საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის მყარ გარანტიებს არ მივიღებ. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს“, - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.