მიუღებელია, როცა ევროპარლამენტარები ცდილობენ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებულ ჩარევას - ირაკლი კობახიძე

14 დეკემბერი 2022, 14:19 460 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპარლამენტში გუშინ გამართული დებატების შეფასებისას აცხადებს, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობა მიუღებელია.

„რაც შეეხება მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობას, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და ჩვენ ვცდილობთ,  მაქსიმალურად შევიკავოთ თავი განცხადებების კეთებისგან ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება პატიმარს, მის პატიმრობას, თუ გათავისუფლებას და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ.

 

აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ევროპარლამენტარები ცდილობენ, განახორციელონ პოლიტიზებული ჩარევა მართლმსაჯულებაში. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას, რაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. როცა ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც არ სცემენ პატივს ელემენტარულ პრინციპს, რასაც ჰქვია სამართლის უზენაესობა, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კორუფციის კუთხით, კორუფციას ბევრი სახე აქვს, არა მარტო ფულთან შეიძლება, ჰქონდეს შეხება კორუფციას, კორუფციის კუთხით არის სერიოზული პრობლემები ევროპარლამენტში. დოკუმენტი, რომელიც განიხილება ევროპარლამენტში და დებატები, რომელიც გაიმართა, ამის კიდევ ერთი დასტურია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ, იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. 

კობახიძის განცხადებით, გლუკსმანი, კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე ან ფონ კრამონი არ არიან ევროპის სახე.

„გლუკსმანი, კუბილიუსი, რასა ან ფონ კრამონი შეიძლება, იყვნენ ევროპის სახე? ესენი ხომ არ არიან ევროპის სახე, ეს ხომ აბსოლუტურად უღირსი განცხადებებია...

 

ერთ მხარეს არის სამი მილიარდი დოლარის დამხარჯველი ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც უნდა დაისაჯოს და აქეთ არის კაცი, რომელმაც სამი მილიარდი მოიპარა, ასეულობით ადამიანი ყოველწლიურად მოკლა და ის უნდა გათავისუფლდეს. უბედურებაა, რომ ქართველი მაყურებელი ამას ისმენს ევროპიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი კი არ არის, ის არის პირველი მკვლელი და დიქტატორი.

„9 200 პატიმარია საქართველოში და ამდენი ხანი ერთ პატიმარზე გვალაპარაკებთ​, როდესაც ეს პატიმარი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დამნაშავე, ვინც სასჯელს იხდის ციხეში, მის რეჟიმს რამდენიმე ასეული პატიმარი ჰყავს მოკლული. მის ავანტიურებს და ღალატს შეეწირა 2008 წლის აგვისტოში რამდენიმე ასეული ადამიანი, ათიათასობით ბიზნესმენი გააუბედურეს, ზოგს ქონება წაართვეს, ზოგი დააყაჩაღეს, ზოგს სახელმწიფოზე აფორმებდნენ, ზოგს საკუთარ ოჯახებზე და ბევრის სიცოცხლე შეეწირა ამას. ასეულობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე არის ამ ადამიანის მიერ შექმნილი რეჟიმის კისერზე და ახლა გინდათ, რომ საზოგადოებას შეეცოდოს. არ გვაინტერესებს ჩვენ“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი