ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ კორალვილში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ეი ჯგუფში ასპარეზობდა და გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა. პირველ შეხვედრაში ქართველმა ფალავნებმა მონღოლეთის ნაკრების წევრებს 7:3 მოუგეს.
მეორე პაექრობა საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრის მასპინძელი ქვეყნის გუნდთან 0:10 დათმო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა საქართველოს გუნდმა მსოფლიო ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 2:8 დამარცხდა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ერთადერთი ევროპული გუნდი იყო, რომელმაც წელს მსოფლიო თასის გათამაშებაზე იასპარეზა.
მსოფლიო თასის გამარჯვებული კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ირანი 6:4 დაამარცხა.