დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება და პირველი ფინალისტის ვინაობაც გაირკვევა. ფინალის საგზურისთვის არგენტინისა და ხორვატიის ნაკრები იბრძოლებენ.
ხორვატია მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია და ისინი ფინალში სწორედ გასულ ჩემპიონატზე იყვენენ. არგენტინამ კი ფინალში გასვლა 2014 წელს მოახერხა. ამ შეხვედრაში არგენტინელებს ყვითელი ბარათების გამო აკუნია და გონსალო მონტიელი დააკლდებათ, ხორვატებს კი ამ მხრივ პრობლემები არ აქვთ. ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 4 ჯერ შეხვდნენ და სრული თანაფარდობაა.
ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა არგენტინასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:
"არგენტინა დიდი გუნდია, მაგრამ ვეცდებით ჩვენს ცხოვრებაში საუკეთესო თამაში ჩავატაროთ. იმედი მაქვს, რომ ფინალში გასასვლელად ჩვენი მონდომება საკმარისი იქნება. ხორვატიის ნაკრებს და რეალს მსგავსი დნმ აქვთ, რადგან ჩვენც ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და არასდროს ვნებდებით. თამაშის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ არა მხოლოდ მესის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ლეო დიდი ფეხბურთელია და მის შესაჩერებლად დიდი პრობლემები გვექნება, მაგრამ მზად ვართ და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ". - განაცხადა მოდრიჩმა.
არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ კი თქვა რომ ისინი არგენტინელი ხალხისთვის ითამაშებენ.
"ძალიან რთულ მატჩს ველით მეტოქესთან, რომელსაც ნამდვილ გუნდს უწოდებენ. ეს არის დიდი ნაკრები, რომელსაც პრობლემის შექმნა ყველასთვის შეუძლია. წინა მსოფლიოს ჩემპიონატთან შედარება უადგილოა, ახლა სულ სხვა მატჩია, მაგრამ უდავოა, რომ რთული იქნება. მათ აქვთ სათამაშო სტილი და არ მგონია, შეცვალონ. ეს არ არის დაცვითი ან შემტევი სტილი - უბრალოდ ხორვატია ყოველთვის ერთნაირად და ძალიან კარგად თამაშობს, ძალიან კარგი ფეხბურთელების ჰყავს და დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე გუნდია. ძალიან რთულ მატჩს ველით", - განაცხადა სკალონიმ.
ხორვატიისა და არგენტინის ნაკრებების მატჩი 13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.