ომში გარდაცვლილებზე გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ დივიდენდების მიღებას, ამას ამორალური ფარისევლობა ჰქვია - პრემიერი

05 დეკემბერი 2022, 14:07 712 ნახვა

მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე თავიდან იქნა აცილებული, სამჯერ ვიომეთ, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის განვითარება გონივრული გზით, ეს არის ეროვნული პოლიტიკა და არა ომი, - ამის შესახებ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების  ვალდებულებაა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში.

"მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე თავიდან იქნა აცილებული. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ოპოზიციაში არიან და იქიდან ცდილობენ ომის გახსნას და ფრონტის გახსნას. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, საქართველოს გადააქცევდნენ პოლიგონად, ვინმეს ეჭვი ეპარება, თუ არ გაუკეთებიათ მანამდე. საკუთარი ნებით, გადაწყვეტილებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი, კოდორის ხეობა, ასეულობით სოფელი და ჩვენი ასეულობით გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ ომებს, მათ ამ გაუთვლელ ნაბიჯებს. მეგობრებო, უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა. დღეს მსოფლიოში და ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დაწყებული აშშ-ის პრეზიდენით, შემდეგ ევროპის სახელმწიფოების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში უკრაინაში და რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი, შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები. ჩვენი მთავარი ვალდებულებაა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის განმსაზღვრელი ჩვენი კეთილდღეობის. მეგობრებო, ჩვენ სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. საკმარისია, ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ მგრძნობიარე ამბით, გარკვეული პოლიტიკოსები დივიდენდების მიღებას, მიღებას ცდილობენ.

"მინდა, შევახსენო ამ ფარისეველ პოლიტიკოსებს, რომელი პოლიტიკოსი უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი, ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ და იომონ, თუ უნდათ მაინც და მაინც უკრაინაში ომში მონაწილეობა. ვინაიდან, ყველა ტრაგედიაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა და მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, მის დაცვასთან. კარგად გვახსოვს რა განცხადებებით გამოდიოდნენ ,,ომის პარტიის'' წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია, გვირჩევნია, ბომბები ცვიოდესო. ჩვენ არავის  მოგვწონს და შეშფოთებულები ვართ, რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ შეხედეთ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, ევროკავშირის სახელმწიფოები, როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო. ამიტომ, ჩვენს ნებისმიერ სიტყვას და ქმედებას გააზრება სჭირდება, დიდი გააზრება. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული. ჩვენ ნაცვლად ისინი ნუ გაირჯებიან, მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველდღე, დილით და საღამოს ჩვენს ხალხს და საზოგადოებას, იმისთვის, რაც მათ დამართეს. ახლა ჩვენ გვაცადონ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი