კარგად გახსოვთ რა მდგომარეობაში ჩავიბარეთ პენიტენციური სისტემა. ძალიან დიდი გამოწვევები იყო - ადამიანების წამება, მკვლელობები, გაუპატიურებები და ათასი საშინელებები ხდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახალ კოდექსში არის მთელი რიგი ასეთი შეღავათების - მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის. მისივე განმარტებით, ხელისუფლება მხარს დაუჭერს ახალ კოდექსს, პრემიერს იმედოვნებს, რომ პარლამენტი იქნება ერთსულოვანი და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.
"მინდა მოკლედ შევაფასო პენიტენციურ სისტემაში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები. კარგად გახსოვთ რა მდგომარეობაში ჩავიბარეთ ეს სისტემა. ძალიან დიდი გამოწვევები იყო - ადამიანების წამება, მკვლელობები, გაუპატიურებები და ათასი საშინელებები ხდებოდა და 2012 წლის შემდეგ ჩვენ რეალურად გარდატეხა შევიტანეთ ამ სისტემაში. ეს არის ორიენტირებული ადამიანის ჯანმრთელობაზე - შედარება რომ წარმოვიდგინოთ, 10 წლის წინ პატიმრები იყვნენ ერთ პატარა ოთახში გამოკეტილი, 20 კვ.მ. საკანში 25-30 პატიმარი იყო შეყვანილი. ეს არის წამების ტოლფასი ქმედება. ამას ემატებოდა ის უბედურება, რაც ხდებოდა - წამება, ტანჯვა, ცემა, გაუპატიურება, მკვლელობა და ა.შ. დღეს პატიმრებს შეუძლიათ რეგულარული ვარჯიში, სპორტულ ფესტივალებში მონაწილეობის მიღება. მაგალითად, ბატონ რატი ბრეგაძის ინიციატივით, შეუძლიათ მიიღონ უმაღლესი განათლება დისტანციურად, ციფრული პლატფორმის მეშვეობით. ასევე გავხსენით ბიბლიოთეკები და უამრავი საქმე გაკეთდა მანამდეც. მანამდე ძალიან ბევრი მინისტრი ემსახურებოდა ამ სიკეთეს და ახლა უკვე ახალი ინიციატივებიც შემოვიდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.