გიორგი ჩალაძემ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

16 ნოემბერი 2022, 21:26 614 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

როგორც ის განმარტავს, ახლა მთავარი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაა.

„საჭიროა ერთად დასხდომა და საუბარი. ეს საქმე უნდა დაწყებულიყო გასულ წელს, 3 ოქტომბერს. პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არის ერთადერთი, რაზეც სრული კონცენტრირებაა საჭირო. შესაბამისად, ჩემთვის ყველაფერი სხვა არის მეორეხარისხოვანი. დღეს ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას ვუსმინე, შეხვედრებზე ვიყავი და სამწუხაროდ, ვერ შევძელი მასთან პირადად საუბარი. საჭიროა, დასხდნენ ერთად. მინდა, ვთქვა, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მე აღარ დავაყენებ არჩევნებზე ჩემს კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო, უნდა იყოს ფართო კონსენსუსი. ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის. ძალიან მოვუწონებ და ვიღებ ამ ნათქვამს ისე, როგორც არის ზუსტად ის, რაც დავასახელე, ჩვენი ხალხის, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერების, ჩვენი ქვეყნის ერთგული ხალხის სურვილი. იმედი მაქვს, რომ პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი ამომიდგება მხარში, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ერთად გადავარჩინოთ. შესაბამისად, ვხსნი საჯაროდ ჩემს კანდიდატურას“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

გიორგი ჩალაძემ 11 ნოემბერს  სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენდა. ჩალაძემ მაშინ აღნიშნა, რომ „მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს და ერთგულ ამომრჩეველთან ერთად ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა, რომელიც დასრულდება სააკაშვილის გათავისუფლებით“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი