ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა აქციებს განაგრძობს. ისინი კუთვნილი მიწების დაბრუნებას ითხოვენ. დღეს მათ მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს, ამის შემდეგ კი ინვესტორთან შეხვედრა მოითხოვეს. თუმცა მხარეებს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა. ადგილობრივები ხელისუფლებას ზღვისპირა ზოლში 20 ჰა ტერიტორიის გასხვისებაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ტერიტორია მათი წინაპრების საკუთრება იყო და ქონების მართვის სააგენტომ ისე გაასხვისა, რომ მათთვის აზრიც არავის უკითხავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ უახლოეს დღეებში მათ ინვესტორი არ შეხვდება, პროტესტი მწვავე სახეს მიიღებს, ადგილზე გაიშლება კარვები და კომპანიას სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას არ მისცემენ.