ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება - საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება. ამაზე მმართველი გუნდიდან წასულები თავად საუბრობენ და კიდევ ერთ წერილს აქვეყნებენ.
ციტატა: „გვპირდებიან, რომ მიგვიღებენ „ტრადიციებით ევროპაში“, თუმცა, ე.წ. ლიბერალები ამავდროულად პირდაპირ და უხეშად ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს და ყველა ინსტიტუტს, რომელიც ამ ტრადიციებს გამოხატავს“.
ჩვენ ვართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგი და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული. ასევე ხელშეუხებელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრება. სწორედ ამ სულისკვეთებით დავუჭირეთ თავის დროზე მხარი ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ე.წ. ლიბერალების აგრესიული პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების ხელოვნურად გაღვივებასაც უწყობს ხელს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ე.წ. ლიბერალების ერთ-ერთი მთავარი თავდასხმის ობიექტი სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა, - ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.