იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის მატჩში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "სასუელო" მიიღო და მარტივად 4-0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ 71 წუთი ითამაშა, 1 გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
მე-4 წუთზე დი ლორენცომ საჯარიმოში ჩააწოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მის უკან მყოფ ვიქტორ ოსიმენს თავით გადაუგდო ბურდი და ნიგერიელმა ანგარიში გახსნა.
მე-19 წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯაროში შევიდა და ოსიმენს გადააწოდა ბურთი, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და ტაბლოზე ანგარიში 2-0 გახადა.
36-ე წუთზე მარიო რუიმ ხვიჩას რბილი ჩაწოდება გაუკეთა, ქართველმა კი ეფექტურად ჩამოიღო ბურთი და ეპიზოდი გოლით დაასრულა.
კვარაცხელიას 62-ე წუთზე გუნდის ექიმების დახმარება დასჭირდა, რომლებმაც კუნთი გაუყინეს და ქართველმა მატჩის გაგრძელება მოახერხა.
71-ე წუთზე კი ლუჩანო სპალეტიმ ქართველის დასვენება გადაწყვიტა და მის ნაცვლად რასპადორი გამოვიდა.
77-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა ჰეთრიკი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.
ამ დროისთვის ნეაპოლელებს 32 ქულა აქვთ და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას "ნაპოლი" 2 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში " ენფილზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.
ხვიჩა კვარაცხელიამ კი "ნაპოლი" მაისურით ჯამში 16 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული თერთმეტმეტრიანია.