რუსი მძლეოსანი ნატალია ანტიუხი ოლიმპიური ოქროს გარეშე დარჩა. მან ოლიმპიადა 2012 წელს მოიგო, თუმცა ეს დოპინგის დახმარებით მოახერხა. ანტიუხი ანტიდოპინგური წესების დარღვევაში ჯერ კიდევ 2021 წელს ამხილეს და 4-წლიანი დისკვალიფიკაციაც მისცეს, თუმცა მაშინ მისი შედეგები 2013 წლის 30 ივნისიდან გაუქმდა და შესაბამისად, ლონდონურ ოქროსაც ინარჩუნებდა. რუსმა სპორტსმენმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, უარესი შედეგი მიიღო: მოსკოვის ლაბორატორიისგან მიღებული მონაცემების შესწავლის შემდეგ, მძლეოსნობაში ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის დამოუკიდებელმა ორგანომ ანტიუხის შედეგების ანულირება უკვე 2012 წლის 15 ივლისიდან მოახდინა, ოლიმპიადა კი მან 8 აგვისტოს მოიგო. ლონდონური ოქრო ოფიციალურად გადაეცა ამერიკელ ლაშინდა დემუსს, რომელმაც აღნიშნულ დისციპლინაში შეჯიბრებაში მე-2 ადგილი დაიკავა. ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რუსეთმა 2012 წლის ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში აღებული უკვე მე-7 ოლიმპიური ოქრო დაკარგა. ამას ემატება 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაოც.