სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომებზე საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს

24 ოქტომბერი 2022, 19:13 448 ნახვა

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ასამბლეის საკომიტეტო სხდომებში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი დიდი ხანია გასცდა რეგიონულ მასშტაბებს და მთელი დასავლური სამყაროს გამოწვევას წარმოადგენს.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და რეგიონული უსაფრთხოების კომიტეტის და მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და სპორტის კომიტეტის სხდომებში, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ გიორგი ხელაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ დელეგაციის წევრები დავით მათიკაშვილი, ირაკლი ზარქუა და ხათუნა სამნიძე.

გიორგი ხელაშვილმა, რომელიც ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და რეგიონული უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობს, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. მან ასევე წარადგინა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარების შესახებ.

ირაკლი ზარქუამ მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და სპორტის კომიტეტის წევრებს უკრაინიდან ლტოლვილი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში სრულად ინტეგრირების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

დავით მათიკაშვილმა კოლეგებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მან იმ დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც საგანმანათლებლო სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი