საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
126-ხმით, ერთხმად - პარლამენტმა, პირველი მოსმენით, კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი მიიღო, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს - მის 90-ხმიანი კვორუმით არჩევას ითვალისწინებს.
კერძოდ, კანონპროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, პარტია „საქართველოსთვის“, „გირჩისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა. კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდნენ პარტია „მოქალაქეების“ წევრები.
კანონპროექტის მიხედვით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს. პროექტით, თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მეორე და მესამე კენჭისყრა ჩატარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღის და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. ასევე პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება.
ამასთან, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.