რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა ნამდვილად არის გამოწვევა, გამორიცხული არ არის, რომ საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, სავიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.
„რუსი მოქალაქეების შემოსვლას საქართველოში ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის, მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან დღეს გამოწვეული იმ პირობებიდან, რაც არსებობს რუსეთში. ასევე, არიან რუსი მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო შემოდიან საქართველოში. მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმები არის გამოყენებული, არ გაჩნდეს საფრთხე.
ამისთვის მგონი, მეტი კომუნიკაციაა საჭირო, მეტი ინფორმირება ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა მხრივ, ყველა შესაძლო საფრთხე და ყველა შესაძლო საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ, რომ ყველა ზომაა მიღებული. ასევე, გამორიცხული არ არის, რომ მოგვიწიოს გადახედვა სავიზო რეჟიმის, რომელიც არის საკმაოდ ლიბერალური დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება, ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის გადასაწყვეტი ხელისუფლების მიერ საზოგადოებასთან ერთად, ყველაზე მთავარი ალბათ ეს არის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე შეფასებით, ძალიან სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ კი ამის იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ.
„ძალიან სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ კი ამის იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ. ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი. შეჯიბრი თუ არსებობს, არსებობს საკუთარ თავთან, ანუ ჩვენ, ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის რეფორმები და რეკომენდაციები, რაც ჩვენ გვეხება. ჩვენს შემთხვევაშია 12 რეკომენდაცია. აღნიშნული გამოწვევაა მთლიანად ქვეყნისთვის, რა სისწრაფით და რა ეროვნული თანხმობით შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს და არა ცალ-ცალკე, ერთი-მეორის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი გამოწვევა და ამ გზაზე, რამდენად შევძლებთ რეფორმების შესრულებას, ამით იქნება განსაზღვრული ჩვენი ევროპული მომავალი.
ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ საკუთარ თავთან გვაქვს გამოწვევა და არაფერს გვაძლევს შედარებები, იმის გარდა, რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის სოლიდარული და უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მკაფიოდ, ვინაიდან სოლიდარობა არის ნამდვილი ჩვენი პასუხი რუსეთისა და მისი ქმედებების მიმართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, მას ჯერა რომ სამივე ქვეყანა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომლებმაც ერთად მივიღეთ ასოცირება, პეტრას სამიტიდან დავიწყეთ ევროინტეგრაციის უფრო აქტიური ფაზა, ვნახავთ ამ გზის შედეგს, ჩვენი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჰაერო სივრცის დარღვევა არის იგივე, რაც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ეს არის რუსეთის უკვე ჩვეულებრივი ქმედება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოც ამ მდგომარეობაშია, ოკუპირებული ტერიტორიებით.