გუშინ დიდი უბედურება დატრიალდა, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს და მის მეგობრებს - პრემიერი

14 ოქტომბერი 2022, 13:17 586 ნახვა

მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო.

პრემიერმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ ჩვენ ყველანი ეკლესიის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე, ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. 

"სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის ყველა იმ ძვირფასი ფასეულობის სიმბოლოა, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი რწმენა, ჩვენი, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ქრისტიანული ფასეულობები. აი, ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული დღევანდელი დღე - სვეტიცხოვლობა. მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე.

გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მე მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს.

მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, მის დარიგებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე, ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. დღეს რთული დროა მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. მსოფლიო, სამყარო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ მადლობა უფალს, ჩვენი ეკლესიის ლოცვა-დიდებით, ამ განსაცდელს მშვიდად გავდივართ და ღმერთის იმედით, ჩვენ ამ გზას მშვიდად და მტკიცედ გავივლით,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში