საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, მიიღოს გადაწყვეტილება საუკეთესო გზის გამოსანახად ამ საკითხის მოსაგვარებლად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.
ამასთან როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება, ასევე იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ომს გამოურბის.
"ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა იღებს სხვადასხვა ზომას საკუთარი გარემოებებიდან გამომდინარე და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები, რაც არის უმთავრესი, აგრეთვე იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანი, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოემაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-მა საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც მთავრობამ უარი თქვა. კელი დეგნანის განმარტებით, ინფორმაცია სავსეა უზუსტობებით.
"ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებით, სავსეა უზუსტობებით და არის არასწორი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს მასშტაბით ყველა მოკავშირესა და პარტნიორს მოუწოდა დახმარებოდნენ უკრაინას რითიც შეეძლოთ, რადგან უკრაინა იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის, სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის. თავიდანვე ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია თუ რა ფორმით და როგორ დაეხმარება უკრაინას.
ჩვენ ასევე ვიყავით ძალიან მკაფიო მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან საუბრებში, რომ ჩვენ არასდროს გვითხოვია საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნა, არასდროს გვქონია სურვილი ომი გაფართოვებულიყო, ან რაიმე სახის ზეწოლა მოგვეხდინა საქართველოზე ან რომელიმე სხვა სახელმწიფოზე ამ კუთხით, რადგან ჩვენი სურვილი თავიდანვე იყო ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება და რეგიონში სტაბილურობისა და სიმშვიდის აღდგენა. ეს ისაა, რისთვისაც ამერიკა იღწვის," - განაცხადა კელი დეგნანმა.