დეპუტატების წარმომადგენლობები ოლქებში – ამომრჩეველთა ინტერესების დაცვა თუ დამატებითი სამუშაო ადგილი და ხარჯი ბიუჯეტს? ნაციონალური მოძრაობა ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების გაზრდილ რაოდენობას აპროტესტებს და “ქართულ ოცნებას” პარტიის აქტივისტების დასაქმების მცდელობაში ადანაშაულებს. წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოსგან განსხვავებით ამჯერად ბათუმს სამი მაჟორიტარი ჰყავს და შესაბამისად ქალაქის ტერიტორიაზე სამი წარმომადგენლობა იმუშავებს. ბიუროები საარჩევნო ოლქების მიხედვით გადანაწილდება. თითო წარმომადგენლობა ეყოლება ქობულეთსა და ხელვაჩაურს. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, მიუხედავად იმისა, რომ შუახევს, ქედასა და ხულოს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს უმაღლეს საბჭოში, წარმომადგენლობა ხვიჩა შარაშიძეს სამივე რაიონში ექნება.