გალიფ ოზთურქის სასამართლო 

28 სექტემბერი 2022, 17:50 2515 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ  თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის საქმის არსებითად განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებული.

ადვოკატებმა მიზეზად გალიფ ოზთურქის  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელეს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის  ის შუამდგომლობა, რომლითაც ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების  შეცვლას ითხოვდნენ. ადვოკატების ინფორმაციით, გალიფ ოზთურქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და   სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაბამისი  მკურნალობა არ უტარდება. 

პროკურორი ამ მოსაზრებას არ იზიარებდა და განმარტა, რომ დაცვის მხარის არგუმენტები აღკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით  იმ საფრთხეებზე ვერ ანეიტრალებს, რაც  ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობს. მოსამართლის გადაწყვეტილებით  სისხლის სამართლის საქმეს ადვოკატების მიერ წარმოდგენილი ქიმიურ-ტოქსიკური ექსპერტიზის დასკვნა და  გამოსაკითხი მოწმეები დაემატება.

გამოძიება თურქ ბიზნესმენს დიდი ოდენობით  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა-მოხმარებას ედავება.

საქმის არსებითად განხილვა 21 ოქტომბერს განახლდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში