სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის გამო, სომხეთმა რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და გაეროს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა - ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების სხდომა მოიწვია, რომელსაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
"სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოფიციალური მიმართვა გაკეთდეს რუსეთის ფედერაციის მიმართ მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების დებულებების შესრულების მიზნით, ასევე "ODKB"-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლია ორივე მხარეს. მხარეები შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
ცოტა ხნის წინ კი, ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.