თურქეთის კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი ფიბა-ევროპას ისევ აკრიტიკებს.
მისი აზრით ბერლინში გასამართი მერვედფინალური მატჩი ადგილობრივი დროით დღის 12:00 საათზე განზრახ ჩაინიშნეს, რომ მათ საქომაგოდ რაც შეიძლება ნაკლები თურქი გულშემატკივარი მივიდეს.
"ბერლინში საფრანგეთთან თამაში ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაგვინიშნეს, რაც ჩვენს მიმართ უპატივცემულობის გამოვლინებაა. მათი მიზანი ისაა, რომ დარბაზში რაც შეიძლება ნაკლები თურქი ქომაგი მოვიდეს. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ გერმანიაში მცხოვრები თურქები ყველა საქმეს გადადებენ და ტრიბუნებს ეროვნული დროშებით გაავსებენ", - განაცხადა ატამანმა.
თურქეთის ნაკრების მწვრთნელს თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის დროსაც ჰქონდა პრეტენზიები. ერთ-ერთი საჩივარი ტაბლოდან 22 წამის "გაქრობას" ეხებოდა რაც "ფიბამ" არ დააკმაყოფილა.
თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფში 10 სექტემბერს თბილისის დროით 14:00 საათზე საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.