საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესია გაიხსნა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. მათ შორის მთავარი კვლავ ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულება იყო, რომელიც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიეცა.
უმრავლესობა ოპოზიციას 12 პუნქტიანი გეგმის სამუშაო პროცესში ჩართვას, ოპოზიცია კი მათ ევროინტეგრაციის გზაზე დადგომას ურჩევს.
პოლიტიკური განცხადებები ურთიერთბრალდებების ფონზე საათზე მეტხანს გაგრძელდა. განცხადებები გაკეთდა ასევე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია ირწმუნება, რომ ეს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ციფრებია და არა რეალობა. მათი თქმით, ქვეყანაში იზრდება მხოლოდ ფასები და იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც სამუშაოდ სხვა ქვეყანაში მიდიან.