ე.წ. მოსმენების კანონი-პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს

05 სექტემბერი 2022, 11:40 437 ნახვა

პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს, რაც პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება, რომელიც ხვალ გაიმართება.

პრეზიდენტის შეფასებით, მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს აუარესებს. სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლებს მოქმედი კანონის უცვლელი სახით დატოვებას სთავაზობს და აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ კანონის მიღების პროცესი საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე წარიმართა.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს. მიღებული კანონპროექტით, სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი იზრდება, რომელთა მიმართებაშიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები.

გარდა ამისა, მიღებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, განუსაზღვრელი დროით შეიძლება გადავადდეს. „ქართული ოცნების" უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს და ვეტოს დასაძლევად ემზადება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი