უკრაინაში ომის 187-ე დღეა, რუსეთი ამ დრომდე აგრძელებს იერიშებს ქალაქებზე. ოკუპანტი განსაკუთრებით უტევს ზაპოროჟიეს ოლქს, გვიან ღამით დაბომბეს ენერგოდარი, რის შედეგადაც სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა.
რუსეთმა მორიგი სარაკეტო დარტყმები მიიტანა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და როვნოს ოლქებზე, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 1, დაიჭრა 4 ადამიანი.
ორი რაკეტა ჩამოვარდა ხარკოვში, განადგურდა ადმინისტრაციული შენობა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. კიდევ ერთი იერიში რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე მიიტანეს, განადგურდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ხერსონსა და ნოვა კახოვკაში რუსეთის შტაბებზე თავდასხმების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ჯარების 3 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.