პარლამენტის წინ კრემლის ბანერი გააკრეს - #შეცვალე

05 თებერვალი 2020, 10:34 426 ნახვა

მოძრაობა #შეცვალეს წევრებმა, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, აღმართულ ღობეზე კრემლის ბანერი გააკრეს.

"ეს ბანერი არის სიმბოლური, ვინაიდან ზუსტად ისე, როგორც რუსეთში მოხდა,  პუტინმა აქციების კერა ჩახერგა ღობით, რეკონსტრუქციის მიზეზით, ზუსტად იგივე გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, შემოღობა პარლამენტის წინ ტერიტორია. ჩვენ იგივე გაგვიკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, დღევანდელი ხელისუფლება არ იცავს მოქალაქეების ინტერესებს, ისინი რუსულ ინტერესებს ემსახურება" - განაცხადეს #შეცვალეს  აქტივისტებმა. 


საქართველოს პარლამენტის წინ, წინასაახალწლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ დადგმული კარავი თბილისის მერიამ იმ მოტივით აიღო, რომ საბავშვო ატრაქციონები დაედგა. ამ გადაწყვეტილებას, მაშინ მაჩალიკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლება ცდილობს რუსთაველის ქუჩიდან განდევნოს ადამიანი, რომელიც შვილის მკვლელის დადგენასა და დასჯას ითხოვს. 

მას შემდეგ, რაც საბავშვო ატრაქციონები პარლამენტის შენობის წინ აიღეს, 21 იანვარს, გვიან ღამით, პარლამენტის წინ 2 მეტრი სიმაღლის ღობე აღიმართა. ღობის შიგნით არავის უშვებენ, ადგილზეა საპატრულო პოლიციაც.

გვიან ღამით, მერიის გადაწყვეტილება მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადგილზე გააპროტესტა, თუმცა მერიის სამსახურების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ტერიტორია მერიის დავალებით შემოიღობა და დამატებითი კითხვები ჟურნალისტებს მერისთვის დაესვათ. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში