შვიდივე ადამიანი უკანონოდ ზის ციხეში იმის გამო, რომ მათ სურდათ სოციალური სახლი დროულად აშენებულიყო - ადვოკატი 

24 ივლისი 2019, 14:38 3100 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ''მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს შვიდივე ბრალდებული ესწრება. დღეს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ უნდა გადაწყვიტოს, პატიმრობაში დატოვებს თუ გირაოთი გაათავისუფლებს დაკავებულებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს.

გია ერმაკოვის ადვოკატი ამბობს, რომ მრავალგვერდიანი საქმიდან, მტკიცებულება მხოლოდ რამდენიმეს შეიძლება ეწოდოს, ისიც ბრალდებულების სასარგებლოდ.

მისივე თქმით, დანაშაული ჩადენის მოტივი და მიზანი არ არსებობდა. მერიის თანამშრომლებს მხოლოდ ის სურდათ, რომ სოციალური სახლი დროულად აშენებულიყო. 

''სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არანაირი დანაშაული არ არსებობს. ეს შვიდივე ადამიანი უკანონოდ ზის საპატიმრო დაწესებულებაში, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სურდათ დროულად აშენებულიყო სოციალური სახლი, შეჭირვებული ხალხისთვის'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ლევან მახარაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, ეს კლასიკური სამოქალაქო სამართლებრივი დავაა. 

''ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ დანაშაულს არ აღიარებს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ამ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია რამდენიმე ათასი გვერდი და რეალურად ნებისმიერი პროფესიონალი იურისტი დაასკვნის, რომ მტკიცებულება შეიძლება ეწოდოს მხოლოდ რამდენიმეს, თუმცა ეს დოკუმენტები არის პირიქით, ბრალდებულების ინტერესების გამამართლებელი და არა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის.

ამ საქმის შესწავლის შემდეგ ცალსახად დგინდება, რომ არც ერთ მათგანს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. 

სატენდერო კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტები, სატენდერო მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდა. კომისიის წევრებმა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეასრულეს თავიანთი სამსახურებრივი ვალდებულება და შესაბამისად თეორიულადაც აბსურდულია, მათ მიერ რაიმე განზრახ დანაშაულის ჩადენაზე საუბარი. ეს გახლავთ კლასიკური სამოქალაქო სამართლებრივი დავა, რომლის მიხედვითაც მეორე მხარეს დაეკისრა შესაბამისი ზიანის ანაზღაურება. ახლა კი აღსრულების სამსახურის კომპენტენციაა ამ თანხების ამოღება.

არანაირ მტკიცებულება არ არსებობს, რომლითაც დასტურდება, რომ რომელიმე მხარემ წინასწარ იცოდა საბანკო გარანტიის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ​უფრო მეტიც ამავე საქმეზე დაკითხული იქნა ეროვნული ბანკის, საქართველოს ბანკის და ბაზისბანკის წარმომადგენლები, რომლებსაც ევალებოდათ ცოდნოდათ თუ რა საერთაშორისო საბანკო დაწესებულებასთან ქონდათ საქმე. მათთვისაც უცნობი იყო, რომ ეს ბანკი გადახდისუნარიანია ვერ იქნებოდა'' - ამბობს ლევან მახარაშვილი.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 7 პირი 30 მაისს დააკავეს. 

საქმე ეხება იაფი სახლი პროექტს, რომელიც ჩავარდა. პროექტის განხორციელება ბათუმის მერიამ 2016 წელს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში