პოლიციას აქვს უფლება ძალა გამოიყენოს, კითხვებია რამდენად პროპორციული იყო ეს ძალა? - ეკა გიგაური მინისტრს ტყუილში ადანაშაულებს 

12 ივლისი 2019, 13:55 229 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ცდილობს აქცენტების და დისკუსიის სხვა საკითხზე გადატანას და არ პასუხობს მთავარ შეკითხვებს - ასე ფიქრობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი.

ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი ინტერვიუ შეაფასა.

"მინისტრი ზოგ შემთხვევაში ისეთ საკითხებზე საუბრობდა, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით. როდესაც საუბარია აქციის დარბევაზე, არავის უთქვამს, რომ პოლიციას ძალის გამოყენების უფლება არ ჰქონდა. ამაზე არ არის აქ საუბარი. საუბარია იმაზე, სანამ პოლიცია ძალას გამოიყენებდა, რატომ არ შეატყობინა მან მოსახლეობას, რადგან შეტყობინების შემთხვევაში ძალიან ბევრი დატოვებდა აქციის ადგილს. ასევე საუბარია იმაზე, რატომ გამოიყენეს პირველ რიგში რეზინის ტყვიები და არა სხვა საშუალებები, რომელიც ნაკლებად დანაზიანებელი იქნებოდა დემონსტრანტებისთვის. მხოლოდ და მხოლოდ ამაზეა საუბარი. ამიტომ მისი დისკუსიის გადატანა იმაზე, თითქოს პოლიციამ ძალა გამოიყენა და ეს კანონიერი იყო, კი, ეს ასე იყო და პოლიციას აქვს უფლება ძალა გამოიყენოს, მაგრამ რამდენად პროპორციული იყო ეს ძალა, ამასთან დაკავშირებით ისმის კითხვები" - თქვა მესამე სექტორის წარმომადგენელმა. .

ეკა გიგაურის თქმით, გუშინდელ ინტერვიუში რამდენიმე საკითხზე ტყუილი თქვა გიორგი გახარიამ. კონკრეტულად კი სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოშვების ნაწილში. გიორგი გახარია გუშინ ამბობდა, რომ სამი თვე ეძებდა კანონიერ საფუძველს, რომ არ შემოეშვათ რუსი დეპუტატი ქვეყანაში. ან თუნდაც ის, რომ პოლიციას არ ჰქონდა მომიტინგეების გაფრთხილების ვალდებულება ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

"მან თქვა, რომ გავრილოვის არშემოშვების უფლება არ ჰქონდათ, რაც არის ტყუილი. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე სასაზღვრო პოლიციას შეუძლია უარი თქვას ადამიანის ქვეყანაში შემოშვებაზე. უარის თქმის საფუძვლები სასაზღვრო პოლიციას ჰქონდა. ასევე ტყუილია ისიც, რომ მინისტრის თქმით, პოლიციას არ ჰქონდა ვალდებულება დემონსტრანტები გაეფრთხილებინა ძალის გამოყენების შესახებ. ამაზე პირდაპირ საუბრობს პოლიციის შესახებ კანონი",- განაცხადა გიგაურმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციის დარბევის საქმის გამოძიებამდე უფლებამოსილება უნდა შეიჩეროს.

„ვფიქრობ, რომ უნდა შეიჩეროს უფლებამოსილება გიორგი გახარიამ. ვფიქრობ, შინაგან საქმეთა მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს აქვს ყველანაირი საშუალება, გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე. ზუსტად ამიტომ, ის უნდა წავიდეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, იმ ბრძანების გამოც უნდა წავიდეს, რომელიც მან აქციის დაშლისას გასცა. კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობა იქნება, თუ თვითნებობდნენ პოლიციელები და ძალა ასე გამოიყენეს. ამ ყველაფრის გამო მინისტრი უნდა გადადგეს“, - განაცხადა გიგაურმა.

 

ფოტო: reginfo.ge

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი