ბათუმის მერია ''იაფი სახლისთვის'' გადახდილი თანხის ამოღებას ცდილობს - სასამართლო პროცესი

02 ივლისი 2019, 15:42 609 ნახვა

ბათუმის მერია ''ბაზის ბანკს'' სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება ე.წ. იაფი სახლი პროექტს, რომლის განხორციელება მერიამ დღემდე ვერ შეძლო. ''ჩავარდნილი პროექტის'' საქმეზე კი 7 მაღალჩინოსანია დაკავებული. 

სარჩელი 2016 წელსაა დარეგისტრირებული, ამ წუთებში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო მამულაშვილმა ორივე მხარის მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად სამართლიანად გასცა ''ბაზის ბანკმა'' საბანკო გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბათუმის მერიის იურისტის განმარტებით, სწორედ ბანკს ევალებოდა დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება. 

''დღეს სხდომაზე განიხილება ''ბაზის ბანკის'' გადაწყვეტილების კანონიერება, რომელიც შეეხება საბანკო გარანტიების ავიზირებას. აღნიშნული საბანკო გარანტიები მიღებული იქნა ბათუმის მერიის მიერ და გადახდილი იქნა ავანსი მომწოდებელ კომპანიაზე. საბოლოოდ, როცა დღის წესრიგში დადგა ავანსად გაცემული თანხის ამოღების საკითხი, აღმოჩნდა, რომ საბანკო გარანტიები გაცემული იყო არასაბანკო დაწესებულების მიერ. სატენდერო დოკუმენტაციით კი, ჩვენ ვითხოვდით, რომ დოკუმენტი უნდა გაეცა უშუალოდ საბანკო დაწესებულებას,'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის მერიის იურისტმა ვახტანგ გედენიძე. 

თუ გაირკვევა, რომ ბანკმა საბანკო გარანტიის ნამდვილობა არასწორად დაადასტურა, მაშინ ზიანის ანაზღაურება კომერციულ ორგანიზაციას მოუწევს. 

ბათუმის მერიამ კომპანია ''კონვენტ ჯორჯიას'', რომელსაც ''იაფი სახლი'' უნდა აეშენებინა, ავანსის სახით 1 430 00 ლარი გადაურიცხა. 

კომპანიას ვალდებულებები არ შეუსრულებია, სახლი დღემდე არ აშენებულა, ორგანიზაციის წარმომადგენლები კი გაუჩინარდნენ. 

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 7 პირი 30 ივნისს დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა პირებმა ტენდერი ერთ-ერთ კომპანიას მოარგეს. „კონვენტ ჯორჯიამ“ ხარვეზიანი და ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, თუმცა კომისიის წევრებმა უპირატესობა  ''უკანონოდ'' მიანიჭეს და ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს.

კომპანიას ჯამში 1 626 396,20 ლარი ჩაურიცხეს, „კონვენტ  ჯორჯიამ“ კი მხოლოდ 251 109,43 ლარის სამუშაოები შეასრულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში