"დაიღუპა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო რუსეთის ორი მოქალაქე დაიჭრა"- საგარეო უწყება

18 ივნისი 2019, 14:14 1562 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სტამბულში მომხდარ შეიარაღებულ თავდასმასთან დაკავშირებით, რომელიც მსხვერპლით დასრულდა პირველი ვრცელი  კომენტარი გაკეთდა. უწყებაში ამბობენ, რომ სავარუდოდ, ეთნიკურად ქართველი პირები საფოსტო გზავნილის კომპანიაში შეიჭრნენ. თავდასხმის დროს, ობიექტზე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, კერძოდ კი ეთნიკურად რუსები იმყოფებოდნენ.

"წინასწარი ინფორმაციით მოხდა ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმა,  ოფისში სამი ადამიანი შეიჭრა. ამ დროს იქ  სხვა ქვეყნის, კერძოდ,  რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. დაჭრილია ორი მათგანი. გარდაცვლილია საქართველოს  ერთი მოქალაქე, დანარჩენი ორი პირი, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდა  მიიმალნენ. წინასწარი ინფორმაციით,  ისინი  ეთნიკურად ქართველები არიან, თუმცა მათი მოქალაქეობა  დაზუსტებული არ არის"- ვლადიმერ კონსტანტინიდი.

შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ოფისში მყოფებს ძირს დაწოლა მოსთხოვეს. სავარუდოდ მოხდა გასროლაც, რა დროსაც დაიღუპა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო რუსეთის ორი მოქალაქე დაიჭრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა ძარცვის მოტივით მოხდა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს, იარაღი დააგდეს. სავარაუდოდ სწორედ ამ იარაღიდან მოხდა მეორე გასროლა.

თუ როდის მოხდება გარდაცვლილის გადმოსვენება საქართველოში, სამინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ. ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, პროცესი არ გაჭიანურდება, თუმცა ისინი გარკვეული პროცედურების დასრულებას ელოდებიან. მისივე თქმით, საკონსულო გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში