„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ბათუმში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებს

29 სექტემბერი 2017, 00:00 1809 ნახვა

„ქართული ოცნება“  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებს. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბათუმის ნომერ პირველი უბნის საარჩევნო კომისიის წევრი მარინა ჟღენტი პარტიის პროპაგანდას ღიად ახორციელებს და მოქალაქეს პარტიის სააგიტაციო მასალას აწვდის.  „ქართული ოცნება“ ფაქტზე რეაგირებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს.

  „ერთ-ერთი მოქალაქემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განათავსა ვიდეო მასალა, სადაც ასახულია თუ როგორ ცდილობს ნაციონალური მოძრაობა გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე მათთვის დამახასიათებელი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებით. მივმართავთ ცესკოს დაუყოვნებელი შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოახდინოს მკაცრი რეაგირება“ - განაცხადა მდინარაძემ.

განცხადებიდან რამდენიმე წუთში კი ბათუმში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. მირდატ ქამადაძე ადასტურებს, რომ მარინა ჟღენტი ნამდვილად პირველი საარჩევნო უბნის კომისიის წევრი იყო,  ის  წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდა და მოსახლეობას ფლაერებს ურიგებდა. მისივე თქმით, მარინა ჟღენტი კომისიაში აღარ იქნება.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ბათუმის 79 საარჩევნო ოლქშიც გაკეთდა. იურისტ ზვიად სურმანიძე განცხადებით, ხვალ მარინა ჟღენტი სხდომაზე  გამოცხადდება და ფაქტის შესახებ ისაუბრებს. რა სახის სანქცია გატარდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნომერ პირველი უბნის საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ, გადაწყვეტილებას ოლქის თავმჯდომარე  შეხვედრის შემდეგ მიიღებს. კანონდარღვევა საარჩევნო კოდექსის 79 მუხლის თანახმად 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი