07 მარტი 2017, 20:00 10420 ნახვა

დღევანდელი 8 მარტის გადაცემის სტუმარი იყო ახალგაზრდა ფოტოგრაფი მარია ზოიძე---ფსევდონიმით მარია ჩე. მისი ფოტოების დათვალიერებას დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დაგეგმილ ფოტოგამოფენაზე შეძლებთ სახელწოდებით: „ასი წლის შემდეგ“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აჭარაში მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული ქალბატონების ფოტოპორტრეტები. ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და დემოკრატიის ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოველწლიურად 1000-1000 ლარს გადასცემს. 100 წელს გადაცილებული ქალბატონები, დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტში „ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში“ ჩაერთვებიან. პროექტის მიზანი ხანდაზმულთა გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბებაა. ხანდაზმულთა გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და „გურიის აგრობიზნესცენტრი“. "დილა 104,5"-ზე ინგა მებონიას რუბრიკის "არტ-რადარი" სტუმრები იყვნენ აჭარაში მოღვაწე პროფესიონალი მოცეკვავეები მარიკა სიხარულიძე, ეკატერინე ღლონტი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მთავარი ადმინისტრატორი ჯაბა სალუქვაძე. 8 მარტს, 19 საათზე , აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა ლიგა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ მარიკა სიხარულიძისა და ეკატერინე ღლონტის შემოქმედებით საღამოს.