რჩეული როკ-ოპერები ისტორიაში: შემსრულებლები, საინტერესო ფაქტები...

12 მარტი 2023, 10:28 2626 ნახვა

რჩეული როკ-ოპერები ისტორიაში: შემსრულებლები, საინტერესო ფაქტები...

დღევანდელ გადაცემაში თქვენთვის შევაგროვე როკ-ჟანრის ისტორიაში ლეგენდარული როკ-ენ-როლ-ოპერები და მინდა ახლავე, დაუყოვნებლივ აღვნიშნო, რომ ჩემი არჩევანი, ამ საკულტო საგანძურის მხოლოდ მცირედი ნაწილია. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ The Who-მ გამოსცა ჩანაწერი "ტომი" და თაყვანისმცემლებს მუსიკის ახალი ფორმა გააცნო: როკ ოპერა. რა თქმა უნდა, ისინი არ იყვნენ პირველები, რომლებმაც ამბიციური ისტორიების მოსაყოლად მსგავსი თხრობითი სტილი შექმნეს, მაგრამ მუსიკის ასეთი ინტენსივობით მათ, თავად იდეის მნიშვნელოვანი პოპულარიზება მოახდინეს. პიტ ტაუნსენდს უთქვამს: „იმდენად ბევრია დამოკიდებული მუსიკაზე, იმდენად ბევრი... ლირიკის მხრივ პრობლემა რომ არ იქნებოდა, ამაში თავიდანვე დარწმუნებულნი ვიყავით. თუმცა, ყველაზე საკვანძო გზავნილები, მუსიკაშია ჩამალული, როგორ ვუკრავთ მუსიკას, როგორ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ ოპერას...“ „ტომის“ წარმატებამ ჩამოაყალიბა ფორმატი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოიცავდა სხვადასხვა ქვეჟანრს და შთააგონებდა როკერთა ახალ თაობებს. როკ-მიუზიკლისგან განსხვავებით, როკ-ოპერა სხვაგვარად თვითმყოფადია. უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებლად სიცოცხლისუნარიანია როგორც ალბომი, ისტორიას მხოლო და მხოლოდ მუსიკის საშუალებით რომ გვიყვება. მართალია, შემდგომში სცენაზე თუ ეკრანზე, ბევრი მათგანის ადაპტაცია მოხდა, მაგრამ ეს მხოლოდ კონკრეტული ჩანაწერის გლობალური წარმატების შედეგია...