კელი დეგნანი და მისი გუნდი მოწადინებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს მიზნად ისახავს ქართველი მოქალაქეების გადაყვანას ამ მიზნიდან. ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და თბილისში ჩვენი საელჩო მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ელჩ დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა.
დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას და ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე.
ჩვენ ვმუშაობთ მხარდამხარ 30 წლის განმავლობაში დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის მიმართულებით და ეს რჩება უცვლელი“,- განაცხადა ნედ პრაისმა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად არის განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებას.
„როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის საბჭომ მიანიჭა საქართველოს ევროპული პერსპექტივის სტატუსი და ასევე წარუდგინა რეფორმების საგზაო რუკა, რომლებიც შესრულებულ უნდა იქნას, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად არის განწყობილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებაში“,- განაცხადა ნედ პრაისმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა დაასრულოს ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთლიანად რეგიონისთვის.