იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი სამი წევრის ბრალდებები აშშ-ის საელჩოს მისამართით. „მნიშვნელობა არა აქვს ვინ ეცდება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და ამისდა მიხედვით გარკვეული გრადაცია და რაღაც ხათრის თუ თავშეკავების გამოჩენა, ჩანასახშივე ანადგურებს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას“, - წერენ ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი ერთობლივ განცხადებაში.
იუსტიციის საბჭოს სამი ყოფილი წევრი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს უცხადებენ სოლიდარობას და აშშ-ის ელჩისადმი ბრალდებებს უერთდება. ისინი გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ აშშ-ს საელჩო კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში ერევა, რაც სხვა მოსამართლეებზე "ირიბი" ზეწოლის მაგალითია.
განცხადებაში ვკითხულობთ, მოსამართლეების "ვიზიტების დაგეგმვის, ორგანიზების ცალმხრივ და არასწორ პრაქტიკაზე", სადაც ხარებავა, ქადაგიძე და გზირიშვილის აზრით საბჭოს როლი უგულებელყოფილია. მათი მოსაზრებით, "არათანაბარი მიდგომის შთაბეჭდილებას" ტოვებს ის, რომ ზოგიერთი მოსამართლე აშშ-ში არც ერთი პროგრამით ან სასწავლო ვიზიტით არაა ნამყოფი, როდესაც მათი კოლეგები არაერთხელ იყვნენ ამერიკაში ვიზიტით.