სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტთან

19 ივლისი 2022, 19:25 680 ნახვა

საქართველო - გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერა, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა კატრინ გიორინგ-ეკარდტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე.

ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა, გერმანიის სახელით, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს  ევროპული ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. 

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დასანანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან  საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული დატვირთვის მქონეა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს დახმარების მზაობა გამოთქვა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ინსტიტუციური რეფორმების განხხორციელების მნიშვნელობაზე, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურების საჭიროებაზე და საკანონმდებლო პროცესში ყველა საპარლამენტო პარტიის ჩართულობის აუცილებლობაზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას. 

მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი დიდი ტრაგედიაა და  უმძიმესი  შედეგები აქვს. ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობას. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო განუხრელად ასრულებს რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. უკრაინაში მიმდინარე ომმა, შავ ზღვაზე უკრაინული პორტების ბლოკადამ უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება.

საქართველომ XX საუკუნის დასაწყისიდან გამოსცადა საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია, რომელიც 1992-93  და 2008 წლებშიც განმეორდა და ახლაც გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით.

პრეზიდენტმა ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა  უფრო და უფრო მძიმდება: მიმდინარეობს რეგიონის რუსიფიკაცია, ირღვევა მოსახლეობის უფლებები, აკრძალულია ქართული ენა და გაქრობის საფრთხის წინაშეა აფხაზური ენა.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ომმა გაზარდა ჩვენი რეგიონის სატრანზიტო, ენერგეტიკული და სავაჭრო პოტენციალი, რისთვისაც  კრიტიკულად მნიშვნელოვანია  რეგიონის სტაბილურობისა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა 16 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თბილისში, რაც პოზიტიური ნაბიჯია რეგიონში მშვიდობის გაძლიერებისა და სტაბილურობისთვის და ასევე გამოხატავს, თბილისის იმ ისტორიულ როლს, რომელიც რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობას უკავშირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში