სოსო გოგაშვილი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სუს-ის მოთხოვნას, გამოვიყენეთ პროპორციული ღონისძიებები - სუსი 

18 ივლისი 2022, 17:26 779 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ გოგაშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები.

უწყების განცხადებით, გოგაშვილმა სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის IV ნაწილით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მოსამართლის განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პერსონალური მონაცემების ხელყოფის (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის IV ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის III ნაწილი) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) ფაქტზე დაკავებულ იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა, წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. შედეგად, დაირღვა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და დამატებით მიღებული ინფორმაციის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციისა და სამსახურის სხვა უფლებამოსილი დანაყოფების თანამშრომლების მიერ სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდა იოსებ გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული 8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, მის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ორი არარეგისტრირებული და სამი სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე, ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით მასალა, კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკა, ინფორმაციის მატარებელი სხვა ელექტრონული მოწყობილობები, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.

რაც შეეხება, საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებსა და ფრაგმენტულ ვიდეოკადრებს, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იოსებ გოგაშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების უზრუნველსაყოფად და ადგილზე მყოფი პირების მიმართ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები.

შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე იოსებ გოგაშვილს 2022 წლის 17 ივლისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს 2022 წლის 18 ივლისს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს მოპოვებული ნივთმტკიცებების შესწავლა.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი