ომის 144-ე დღე უკრაინაში

17 ივლისი 2022, 12:03 672 ნახვა

უკრაინაში ომის 144-ე დღეა. თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გასული დღიდან საჰაერო განგაშია გამოცხადებული. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. დნიპროს დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ბრძანება გასცა, რაც უკრაინაში ყველა ოპერატიულ მიმართულებაზე სამხედრო მოქმედებების გაზრდას გულისხმობს.

უკრაინაში ომს უკვე 353 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 662-ზე მეტი კი დაშავდა. ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოლქის ორი სოფელი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. სერგეი გაიდაის თქმით, რუსებმა რამდენიმე დასახლება არაერთხელ აიღეს, თუმცა უკრაინულმა მხარემ ყოველ ჯერზე მათი უკან დაბრუნება შეძლო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, დღეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

ამასთან, ვოსტოკის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. რუსეთის დანაკარგი ომის 144-ე დღეს 38 300 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში